25

ᲒᲐᲮᲐᲠᲘᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡᲗᲕᲘᲡ

წევრი პარტიები:
პარტიის დაფინანსების წყაროები:

შემოწირულებები: ₾2,169

ლიდერი: გიორგი გახარია

„გახარია საქართველოსთვის“ - ამ სახელწოდებით 2024 წლის მარტში დარეგისტრირდა პარტია “საქართველოსთვის”. თავად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის” 2021 წელს დააფუძნა გიორგი გახარიამ. გახარია 2019-21 წლებში “ქართული ოცნების” ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი იყო.

გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ პარტია “ქართული ოცნება” და საპარლამენტო უმრავლესობა მისმა თანაგუნდელმა 6-მა დეპუტატმა დატოვა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ “საქართველოსთვის” ამომრჩეველთა ხმების 8,894% მიიღო, ხოლო თავად გიორგი გახარიამ - თბილისის მერის არჩევნების პირველ ტურში 9,41%.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს პრეზიდენტთან იმართებოდა მოლაპარაკებები 2 პარტიის - “გახარია საქართველოსთვის” და “ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” გასაერთიანებლად, თუმცა საბოლოოდ გაერთიანება ვერ შედგა.

სოციალური მედიის არხები: Facebook, Instagram, Youtube
ვებ-გვერდი: https://forgeo.ge/ka
ელექტრონული ფოსტა: [email protected]

ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲔᲑᲘ
ᲯᲐᲜᲓᲐᲪᲕᲐ
“გახარია საქართველოსთვის” გუნდი მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომლის უზრუნველყოფაც სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა. შესაბამისად, პარტია აპირებს ჯანდაცვის სისტემის ეტაპობრივ გადაყვანას ჯანდაცვის სავალდებულო საყოველთაო დაზღვევის მოდელზე; სექტორის მზარდი დანახარჯების შესავსებად, თამბაქოს, ალკოჰოლსა და სატრანსპორტო საშუალებების იმპორტზე არსებული სააქციზო მოსაკრებლებიდან შემოსული თანხები წარიმართება ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებაზე; გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის სექტორის როლი; გადამზადდებიან ექიმები; დადგინდება მომსახურების ხარისხი და ღირებულება- მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მეთოდოლოგიით.
ᲔᲕᲠᲝᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲐ
“გახარია საქართველოსთვის” გუნდი აპირებს, მაქსიმალურად სწრაფ ვადებში მოხდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. სრულფასოვან წევრობამდე კი, პარტია უზრუნველყოფს საქართველომ ისარგებლოს ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის შესაძლებლობებით, როგორიცაა ერთიან ევროპულ ბაზარზე დაშვება, ევროპის ენერგოკავშირთან და ციფრულ კავშირთან მიერთება.
ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲐ/ᲡᲘᲦᲐᲠᲘᲑᲔ
“გახარია საქართველოსთვის” გუნდი აპირებს ევროპული ტიპის სოციალური სახელმწიფოს შექმნას, რომელიც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელის დანერგვას; პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა მოიაზრებს დასაქმების სპეციალურ პროგრამებს; შემუშავდება სექტორული განვითარების პოლიტიკის დოკუმენტები; შეიქმნება ექსპორტის დაფინანსების სააგენტო; განხორციელდება კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მშენებლობის 4 წლიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დასრულდება გაზიფიკაციის, წყალმომარაგების და ინტერნეტიზაციის პროცესი; ამასთან, პარტიის მიზანია შევქმნას საფუძველი მდგრადი, ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკისთვის, რომელიც ორიენტირებულია დაიცვას ქვეყნის ბუნებრივი რესურსები მომავალი თაობებისთვის.
ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ
“გახარია საქართველოსთვის” გუნდის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო მოდელის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან და ინკლუზიურ განათლებას ყველასათვის, რომელიც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითობის განვითარებას, სამოქალაქო ცნობიერების და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, უზრუნველყოფს აკადემიურ, სოციალურ და ემოციურ ზრდას და ცხოვრების მანძილზე სწავლისა და გადამზადების შესაძლებლობას.
ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ
„გახარია საქართველოსთვის“ გუნდი გეგმავს თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 2 პროცენტამდე გაზრდას, დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. პარტიაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) დეპოლიტიზირება და გაძლიერება რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის, კონტრ-დაზვერვის და კონტრ-ტერორისტული მიმართულებით.
ᲓᲔᲛᲝᲙᲠᲐᲢᲘᲐ
„გახარია საქართველოსთვის“ გუნდის მიზანია ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობა, რომლებიც იმუშავებს მოქალაქეებისთვის და სახელმწიფოში სამართლიანი წესრიგის უზრუნველსაყოფად. პარტია აპირებს ისეთი სისტემის შექმნას, სადაც არსებობს ურთიერთკონტროლი და ძალთა ბალანსი, სადაც კანონი ყველასთვის კანონობს და სადაც გამოირიცხება არაფორმალური მმართველობა; არჩევნები გადაიქცევა მშვიდობიანი, დემოკრატიული პოლიტიკური ცვლილების რეალურ ბერკეტად ცესკოს შემადგენლობის პოლიტიკური კონსენსუსით არჩევის და გადაწყვეტილების პოლიტიკური კონსენსუსით მიღების გზით; მნიშვნელოვან თანამდებობებზე (გენერალური პროკურორი, სუს-ის უფროსი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, პერსონალურ მონაცემთადაცვის სამსახურის უფროსი, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი) კანდიდატები აირჩევიან პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების საფუძველზე.
ᲛᲘᲣᲙᲔᲠᲫᲝᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲐᲠᲗᲚᲛᲡᲐᲯᲣᲚᲔᲑᲐ
პარტია პირობას დებს, რომ სასამართლოს გაათავისუფლებს გავლენის ჯგუფისგან საკონსტიტუციო რეფორმითა და სასამართლოში კორუფციის აღმოფხვრის გზით, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების და სასამართლოს თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმების და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის მიერ კორუფციის ფაქტების გამოძიების გზით.
ᲔᲚᲘᲢᲣᲠᲘ ᲙᲝᲠᲣᲤᲪᲘᲐ
„გახარია - საქართველოსთვის“ გუნდის შეფასებით, დღევანდელი „ოცნების“ მმართველობის პირობებში პოლიტიკური/ელიტური კორუფცია ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. კორუფციასთან ბრძოლა ამ პარტიის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პარტია პირობას დებს, რომ დასრულდება ხალხის ხარჯზე, უკანონოდ გამდიდრებული რამდენიმე ადამიანის, ელიტური ჯგუფების და მათი ოჯახების, რეგიონული ფეოდალების კორუფციულ მმართველობას; კორუფციისგან გათავისუფლდება ყველა სფერო - მუნიციპალიტეტები, სამინისტროები, სასამართლო.
ᲐᲒᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ "ᲠᲣᲡᲣᲚᲘ ᲙᲐᲜᲝᲜᲘ"
Პარტია “გახარია საქართველოსთვის” მე-11 მოწვევის პარლამენტში, პირველივე სესიაზე დააყენებს საკითს, ამ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
ᲐᲓᲒᲘᲚᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲗᲕᲘᲗᲛᲛᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲑᲐ
პარტიაში მიიჩნევენ, რომ დეცენტრალიზაცია და ძლიერი თვითმმართველობა არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების აუცილებელი კომპონენტი. ფისკალური დეცენტრალიზაციის ფარგლებში პარტია გეგმავს მუნიციპალიტეტების შემოსავლების ზრდას. კერძოდ: საშემოსავლო გადასახადის ნაწილი დარჩება მუნიციპალიტეტებში, გაიზრდება გათანაბრებითი და კაპიტალური ტრანსფერების ფონდები.
ᲞᲐᲠᲢᲘᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲔᲑᲘ
ᲧᲕᲔᲚᲐ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲝᲡᲘᲡ ᲜᲐᲮᲕᲐ